ტურიზმის, რეგიონული განვითარებისა და ინფორმატიკის ევროპული საზოგადოებრივი კოლეჯი დაფუძნდა 2011 წელს ქართველი და ევროპელი პარტნიორების თანამონაწილეობით. საზოგადოებრივი კოლეჯის სტატუსით იგი დარეგისტრირდა 2012 წელს.
საზოგადოებრივი კოლეჯი აკადემიურ და სამეცნიერო საქმიანობას განახორციელებს საქართველოსათვის ისეთ აქტუალურ დარგში, როგორიცაა ტურიზმი, სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრია, რეგიონების სოციალურ–ეკონომიკური და კულტურული განვითარების საკითხები, თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიები, ქსელური სისტემები, ეკონომიკა და მართვა, სამუზეუმე საქმე. საზოგადოებრივი კოლეჯის პედაგოგების, მოწვეული სპეციალისტებისა (ადგილობრივის და უცხოელის) და სტუდენტების მიერ ჩატარებული კვლევები საფუძვლად დაედება სასწავლო პროცესის სრულყოფასა ქვეყნის რეგიონული და ადგილობრივი განვითარების კონცეფციებს.
საზოგადოებრივი კოლეჯი მჭიდროდ თანამშრომლობს ტურიზმის (მასპინძლობის ინდუსტრიის), რეგიონული განვითარების, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სამუზეუმე საქმის სფეროში მოქმედ სასწავლო და სამეცნიერო ცენტრებთან ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ.
როგორც ახალი სასწავლო და სამეცნიერო ცენტრი, საქართველოს უმაღლესი აკადემიური და პროფესიული მომზადების ერთიან სივრცეში, საზოგადოებრივი კოლეჯი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს:
- პროფესიულ საგანმანათლებლო საქმიანობაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილების ფართო გამოყენებით;
- ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე პროფესიული საგანმანათლებლო მომსახურების მოთხოვნების სისტემატიური შესწავლისა და ანალიზის პროცესში;
- პედაგოგიური კადრების კვალიფიკაციის სისტემატიური ამაღლებისა და საერთაშორისო სერტიფიცირების პროცესში;
საზოგადოებრივი კოლეჯი საქმიანობას წარმართავს სახელმწიფოს საკანონმდებლო მოთხოვნებისა და საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით, ასევე გაერთიანებული ერების ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის (UNTWO) მიერ შემუშავებული სასერტიფიკატო სისტემა TedQual-ის მოთხოვნათა შესაბამისად, რომელიც პროფესიული ტურისტული განათლების სფეროში მოქმედებს.
ტურიზმის, რეგიონული განვითარებისა და ინფორმატიკის ევროპული საზოგადოებრივი კოლეჯი სასწავლო პროცესს წარმართავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ჩამოყალიბებული პრინციპებისა და შესაბამისი საკვალიფიკაციო სტანდარტების მოთხოვნათა სრული დაცვით.
ამასთან ერთად აქტიურად არის გამოყენებული საზოგადოებრივი კოლეჯის ევროპელი პარტნიორების გამოცდილება და შესაძლებლობები სასწავლო პროცესის (პროგრამების, მეთოდების, მეთოდოლოგიის) სრულყოფასა და უშუალოდ ევროპული პროგრამების შესაბამისი სწავლების, სასწავლო პრაქტიკისა და სტაჟირების სათანადო ევროპულ ცენტრებში გავლისა და კურსდამთავრებულთათვის ევროპული დიპლომის მინიჭების საქმეში.
სასწავლო პროცესის ევროპული სტანდარტების შესაბამის დონეზე წარმართვის მიზნით საზოგადოებრივ კოლეჯში მოწვეული არიან საქართველოში მოქმედი მაღალი კატეგორიის პროფესიონალები, პედაგოგები; ქვეყანაში მოქმედი ცნობილი ბრენდებისა და წარმატებული ქართული ბიზნესის კომპანიების გამოცდილი მენეჯერები. სასწავლო პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან ევროპის (უპირველესად პოლონეთის) პარტნიორი უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგიური პერსონალის კვალიფიციური წარმომადგენლები.
Комментариев нет:
Отправить комментарий